რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი ლევან გოფოძე აცხადებს, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო თვითდინებით მისულ პაციენტებს არ იღებს. მისი თქმით, გაწერილია პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც იმიჯნებიან საეჭვო და არასაეჭვო პაციენტები.
გოფოძის თქმით, თვითდინებითი პაციენტების რესპუბლიკურში მისვლა უმართავ ნაკადებს გამოიწვევს, რაც საეჭვო პაციენტების მკურნალობაზე უარყოფით გავლენას მოახდენს. ექიმი თვითდინებით პაციენტებს ჩვეულებრივ კლინიკებში მისვლისკენ მოუწოდებს.
„კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო არ იღებს თვითდინებით პაციენტებს. რესპუბლიკურ საავადმყოფოში პაციენტები მოჰყავს სასწრაფო დახმარების მანქანას. გამოქვეყნებულია პროტოკოლი, რომელიც მკვეთრად მიჯნავს ერთმანეთისაგან იმ პაციენტებს, ვინც არის ან არ არის საეჭვო პაციენტი. რესპუბლიკური საავადმყოფო პაციენტებს პროტოკოლის მიხედვით იღებს, რადგან არ მოხდეს ნაკადების უმართავი შექმნა და არ დარჩნენ ის ადამიანები, რომლებიც ჭეშმარიტად საჭიროებენ ჩვენს მეთვალყურეობას და გამოკვლევას კორონავირუსთან დაკავშირებით. თვითდინებითი პაციენტების მიმართულება სულ სხვა ნაკადია, მათ უნდა მიმართონ ჩვეულებრივ კლინიკებს“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.